2024 წლის 1იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება
29/11/2023 08:49:08 პოლიტიკა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
პარლამენტის პრეს–სამსახურის ცნობით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები.
„კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების , მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
ამასთან, სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.


