ირაკლი კობახიძე – ეუთო–ს მინისტერიალზე: ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად
29/11/2023 11:20:18 პოლიტიკა
ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მოწოდებას ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არდასწრების თაობაზე.
კობახიძის თქმით, სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არ დასწრება სწორი არ იქნება.
„საქართველო არის ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში ჩვენი არ დასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა.
ბულგარეთმა, რომელიც ევროკაშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.


