Accentnews.ge
რა რეაქცია აქვს აშშ–ს ეუთო–ს მინისტერიალის ბოიკოტზე და იგეგმება თუ არა ბლინკენ– ლავროვის შეხვედრა

რა რეაქცია აქვს აშშ–ს ეუთო–ს მინისტერიალის ბოიკოტზე და იგეგმება თუ არა ბლინკენ– ლავროვის შეხვედრა

29/11/2023 17:10:01 პოლიტიკა

ეუთო–ში აშშ–ის ელჩ მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის კომუნიკაცია დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ მან ონლაინ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრ ლავროვს შორის შეხვედრა, ხელის ჩამორთმევა ან სხვა სახის კომუნიკაცია. საპასუხოდ კარპენტერმა განაცხადა, რომ "რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია დაგეგმილი არ არის".

"ფაქტობრივად, არ მგონია, რომ ამ შეხვედრაზე მდივან ბლინკენთან რაიმე გადაკვეთა მოხდეს", – დასძინა მან.

კითხვაზე, რა რეაქცია ექნება აშშ–ის ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, არ დაესწრონ ეუთო–ს მინისტერიალს, ელჩმა აღნიშნა, რომ "თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე სურს მონაწილეობა მინისტერიალში":

"აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მინისტრთა შეხვედრას დაესწრება. იგი ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. რა თქმა უნდა, თითოეული მონაწილე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ რა დონეზე სურს მონაწილეობა მინისტერიალში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობს პერიოდში მიღებული იქნა უკრაინისადმი მხარდამჭერი ანგარიშები გასული წლის განმავლობაში, რადგან ის მტკიცედ იცავდა ამ ორგანიზაციის პრინციპებს და ვალდებულებებს და უკრაინასთან რუსეთის ომის საკითხს მუდმივმოქმედი საბჭოს ყოველ სხდომაზე აყენებდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია მადლობა გადავუხადოთ ჩრდილოეთ მაკედონიას ხელმძღვანელობისთვის, ამ ორგანიზაციის წარმართვისთვის, რაც მიმდინარეობდა უდავოდ ძალიან რთულ წელიწადში. მინისტერიალზე ვგეგმავთ ძალიან გულწრფელად ვისაუბროთ რუსეთის აგრესიულ ომზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შემოგვიერთდება რუსეთის საშინელი ქმედების დაგმობაში".

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, "ბალტიის ქვეყნების არგუმენტია, რომ ლავროვი არა ამ მაგიდას, არამედ ჰააგის ტრიბუნალს ეკუთვნის. თუ მოხდება ისე, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ერთ მაგიდასთან ერთ ოთახში აღმოჩნდებიან, როგორ შეეგუებით ამას?", კარპენტერმა შემდეგი განაცხადა:

"რა თქმა უნდა, რუსეთი მონაწილეობდა G20-ის შეხვედრებში, მან მონაწილეობა მიიღო გაერო–ს გენერალურ ასამბლეაში, ის არის ეუთო–ს მონაწილე სახელმწიფო და, მოგვწონს თუ არა, არ არსებობს ეუთო–ში მონაწილე სახელმწიფოს გაძევების მექანიზმი და განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ თქვენ გაქვთ კონსენსუსს მინუს ორი [ ბელარუსი და რუსეთი] შეჩერების მექანიზმიც არ არსებობს. [...] ჩვენ უბრალოდ კი აღვრიცხავთ ფაქტებს, არამედ წარმატებით მოვახდინეთ რუსეთის იზოლაცია ეუთო-ში, სადაც დაგმობილია მისი მრავალი სისასტიკე. კიდევ ერთხელ, მინდა აღვნიშნო, რომ ეუთო–ს მოსკოვის მექანიზმი იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც კატალოგირება მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩადენილი სხვადასხვა ომის დანაშაულების, მათ შორის არი ანგარუში ბავშვების ოჯახებიდან გამოყოფისა და საზღვარზე იძულებით გაყვანის შესახებ. ასე რომ, ბევრი გაკეთდა რუსეთის სისასტიკის გამოსავლენად".

ცნობისთვის: 30 ნოემბერს სკოპიეში ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა იწყება. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმაც.

ბულგარეთმა, რომელიც ევროკაშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო–ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S