Accentnews.ge
ზურაბიშვილი: გაუგებარია, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში ჩასულ პრეზიდენტს არ ხვდებოდეს, სკოლის მოსწავლეების მიმართ იყოს მუქარა, რომ შეხვედრაზე არ მიხვიდეთ

ზურაბიშვილი: გაუგებარია, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში ჩასულ პრეზიდენტს არ ხვდებოდეს, სკოლის მოსწავლეების მიმართ იყოს მუქარა, რომ შეხვედრაზე არ მიხვიდეთ

30/11/2023 07:18:01 პოლიტიკა

"გაუგებარია, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში ჩასულ პრეზიდენტს არ ხვდებოდეს, სკოლის მოსწავლეების მიმართ იყოს მუქარა, რომ შეხვედრაზე არ მიხვიდეთ", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა, რომელიც კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში დიდი ხანია, შეხვედრებს მართავს, აღნიშნა, რომ პრობლემაა, როცა რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას არ ხვდებიან.

მისივე თქმით, "არის ფაქტები, როცა სკოლის მოსწავლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ შეხვედრას არ დაესწრონ. მან გააკრიტიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც":

"რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები და საზოგადოების გამოხატული მოთხოვნა, მით უფრო, პარტიები აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია რეალურად და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი, ეროვნული თანხმობის მიმართ, არის რაღაც გულგრილობა, მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი ეს ევროპული გზა საქართველოსი. კიდევ უარესი, ბავშვებისთვის, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის და არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ, თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური, იმ გაგებით, რომ არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის ვითომ რაღაც პოლიტიკური ღონისძიება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის განცხადებას თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია "ინტერპრესნიუსთან" გამოეხმაურა:

„არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული", – ამბობს სამუშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S