პაპუაშვილი: ომიდან 2 წელში სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობდნენ, რომელსაც ლავროვი და პუტინიც ესწრებოდა, ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ოკუპანტთან ყოფნა არ შეიძლება, ფარისევლობაა
30/11/2023 09:12:30 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც ასევე მონაწილეობდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინი".
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ, ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოადგინოს.
"რაც შეეხება ეუთო-ს სამიტს, 2010 წელს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ პირობებში, როდესაც ომიდან 2 წელი იყო გასული და ასტანის სამიტში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ლავროვი, არამედ, ვლადიმერ პუტინიც. ასე, რომ ახლა საუბარი ერთ დარბაზში და სივრცეში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება არის აბსოლუტური ფარისევლობა. თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია. მათთვის საქართველოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ მათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. მანამდე ყველას გვახსოვს რა იყო მათი პოლიტიკა. პოლიტიკა იყო - ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება. პოლიტიკა იყო ის, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ეს ერთადერთი ბერკეტი დათმეს. არ ვიცი, ვისი კარნახით, მაგრამ დათმეს, აბსოლუტურად გაანიავეს ის ბერკეტი, რაც მათ ჰქონდათ. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, არამედ, ყოველთვის ისინი მოქმედებდნენ სხვების კარნახით და არა ქართველი ხალხის.
ისინი (ოპოზიციონერები) არიან ჩვეულებრივი ამყოლები, ნახეს, რომ რამდენიმე ბალტიის ქვეყანამ თქვა, რომ ისინი პროტესტის ნიშნად არ ჩავლენ, ასევე, უკრაინამ თქვა, რომ „არ ჩავალ“ და ამაზე აყოლილებმა იფიქრეს არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ სხვების ეროვნულ ინტერესებზე. საერთო ჯამში გასაკვირი არ არის, მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ახლა ისინი, რომ საქართველოს ინტერესებით არ მოქმედებენ და მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადასახედიდან უყურებს ამ საკითხს, ესეც არ არის გასაკვირი.
ჩვენ ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები წარმოვადგინოთ, საქართველოს ეროვნული ინტერესი არის უპირველეს ყოვლისა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სხვა ქვეყნების მხრიდან და საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების თემების დროს განიხილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.


