Accentnews.ge
პრეზიდენტი "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას არასაკმარისად მიიჩნევს

პრეზიდენტი "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას არასაკმარისად მიიჩნევს

30/11/2023 10:16:35 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე.

იგი "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას არასაკმარისად მიიჩნევს.

ამის შესახებ მან საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც შეეხებოდა "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ.

"ქართული დიასპორის საკითხი და არჩევნები – ეს თემა ჩემი თემაა და სულ მაწუხებდა, რადგან იქ, სხვადასხვა არჩევნების დროს, ვხედავდი, რომ არჩევნების შედეგებში ემიგრაციაში არსებული განწყობების რამდენად არასერიოზული ასახვა იყო. ეხლა არაფერს არ ნიშნავს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც... მე რომ პარიზში არჩევნები წავაგე, ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ როგორც თქვენ ახსენეთ, დღეს მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საზღვარგარეთ, ძალიან ბევრი მათ შორის არალეგალი და არაფერი კეთდება, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა ჩვენი თანამემამულეების ამ რაოდენობით, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, რაც მათი უფლებაა. რატომ? იმიტომ რომ საელჩოს ირგვლივ კარგად მოკალათებული იმ პატარა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობა სრულიად საკმარისად მიიჩნეოდა და რატომ უნდა აეტკიებინათ თავი და დაეწყოთ საზღვარგარეთ რაღაც კამპანია, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნებოდა.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, დამოუკიდებლად მუშაობენ და მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ანუ მათ ვერ იჭერ ხელფასით, რაღაცა გავლენით, შვილებით, მეუღლეებით და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლების და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ამაზე დისკუსია იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს იმას, რომ თემა აქტუალურია, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს [საზღვარგარეთ არჩევნებში] მონაწილეობა. მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში უნდა მიიღო მოანაწილეობა. არ შეიძლება, რომ ასეთი ადგილი იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში. უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბნები, მით უმეტეს, დიდ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის [არჩევნებში] მონაწილეობა რთულია. ვიცი, რომ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მზადაა დასახმარებლად, იმისთვის, რომ გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები. მეორე საკითხია როგორ შეიძლება საზღვარგარეთ მყოფმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. ეს სხვადასხვა ქვეყნებში, ბევრი სხვა ემიგრაციის პრობლემაცაა, არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან მისვლა, რადგან იქაურ პოლიციის მიერ იქნებიან აღრიცხულნი და ამით მათ შეიძლება რაღაცა საფრთხე შეექმნათ. ეს საკითხი გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ იმდენად ბევრი ალჟირელი მონაწილეობს არჩევნებში, რომ ალჟირის არჩევნების პრინციპში, საფრანგეთში წყდება - რიგებია მათ საელჩოეებთან და საარჩევნო უბნებთან. მაგრამ იქ არავინ ერევა ამაში და პოლიციის არანაირი ჩარევა არ ხდება.

ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარი შეთანხმებები და გარანტიები იმისა, რომ ეს არ მოხდება, წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამ კუთხით აქ არ იქნება საფრთხე.

ამავე დროს, შეიძლება [არჩევნებში] მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები არსებობდეს, რომელიც მათთვის კიდევ უფრო უსაფრთხოდ გამოჩნდება. ანუ ეს შეიძლება იყოს ფოსტით, შეიძლება იყოს ონლაინ. ეს ყველაფერი უნდა იყოს განხილული და აქ არ შეიძლება პასუხი იყოს, რომ ეს ძალიან რთულია და არ შეიძლება. აქაც, კიდევ ერთხელ საზოგადოებამ თავისი სათქმელი უნდა თქვას და მე ზოგჯერ მიკვირს ამ საზოგადოების დუმილის ისეთ საკითხებზე როგორიცაა დიასპორის საარჩევნო უფლებები, თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხი, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც ცხოვრობს საზღვრაგრეთ, ამიტომ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო დაინტერესებლი უნდა იყოს იმით, რომ ეს ადამინები, რომლისგანაც ხშირად ტრანსფერებს და დახმარებას ღებულობენ სრულყოფლად მონაწილეობდნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ეს რაც ეხება დიასპორას. ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ამ შემთხვევაში, ეს კამპანია ეხლავე უნდა დაიწყოს და არა როგორც გვჩვევია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და მაშინ ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ დრო აღარ არის, ვერ კეთდება- რაც მართალი იქნება, როცა გვიან დაწყებული საქმე ვერ შესრულდება.

მეც, ამ ევროპული კამპანიის ფარგლებში, მექნება დიასპორასთან ურთიერთობა. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, ვაპირებ, რომ სხვადასხვა დედაქალაქების ჯგუფებთან გავმართო ტელეხიდი ,,სკაიპით“. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით, რომ აქ იმყოფებიან ტელევიზიები და ვაცხადებ, რომ ვინც დაინტერესებულია [ამ შეხვედრაში მონაწილეობით] შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ჩავწერთ ჩვენს განრიგში, რათა მაქსიმალურად ყველა დიასპორულ ორგანიზაციებთან, თუ ინდივიდუალურ ჯგუფებთან შედგეს ურთიერთობა და საუბარი. კვირას, 10 დეკემბერს ონლაინშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება", – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოში მომავალი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებული წესების მიხედვით, სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი იქნება. როგორც წესი, საარჩევნო უბნები გაიხსნება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს საელჩო და წარმომადგენლობა აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S