პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, ღრმად შემაშფოთებელია"
30/11/2023 15:08:47 პოლიტიკა
პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟოაო გომეს კრავინიოს განცხადებით, "რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, ღრმად შემაშფოთებელია". ამის შესახებ მან ეუთო–ს მინისტერიალზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვადასტურებთ შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს არის ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ვუთხრათ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია“, - განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სკოპიე30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ეუთო–ს მინისტერიალს მასპინძლობს.
ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სრგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.


