გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს
04/12/2023 06:58:51 პოლიტიკა
გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა ენმ დატოვეს.
"ჩვენ ვტოვებთ პარტიას. ჩვენ ვრჩებით "ვარდების რევოლუციის" იდეის ერთგულები, ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან, დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი იგი ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით", - განაცხადა კირთაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. მათ შორის არიან საკრებულოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები.
დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობაა. მას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაზე განცხადება არ გაუკეთებია.


