ისრაელს ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა
04/12/2023 07:15:13 პოლიტიკა
დღეს ისრაელს ამერიკელი მაღალჩინოსნების დელეგაცია ეწვევა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დელეგაციის წევრები ისრაელში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის ღაზას მომავალთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
მისი ცნობით, დელეგაციას უხელმძღვანელებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფილიპ გორდონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კამალა ჰარისის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ილან გოლდენბერგი და სხვა პირები.
ცნობისთვის: ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ სახმელეთო შეტევას ღაზას სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებენ.
ღაზას სექტორში საბრძოლო ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ისრაელზე ჯიჰადისტების 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინდელ ტერაქტს ისრაელში 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
„ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დაწყებული იერიშის შემდეგ სექტორში დაიღუპა 15 ათასზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება არ ხერხდება.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი 24 ნოემბერს ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ამოქმედდა და ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა კიდევ ორი დღით, 30 ნოემბრის 07:00 საათამდე. 30 ნოემბერს დროებითი ზავი კიდევ ერთი დღით, 1 დეკემბრის 07:00 საათამდე გაგრძელდა. 7-დღიანი ჰუმანიტარული პაუზის პერიოდში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 100-ზე მეტი მძევალი და ისრაელის საპატიმროები დატოვა 240-მდე პალესტინელმა.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოპერაციის მიზანია, „ჰამასს“ ძალაუფლება დააკარგვინოს ღაზას სექტორში.
ამავდროულად, Reuters იტყობინება, რომ ისრაელის ხელისუფლებამ ეგვიპტეს, იორდანიას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შეატყობინა, რომ ომის შემდეგ ღაზაში ბუფერული ზონის შექმნას აპირებს. სააგენტოს ცნობით, ზონა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იქნება გაჭიმული და მისი მიზანი იქნება, აღკვეთოს ისრაელზე ჯიჰადისტების შესაძლო თავდასხმები. როგორც გამოცემა იტყობინება, ზონის სიღრმეს ჯერ–ჯერობით არ აზუსტებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა Reuters-თან საუბარში ასევე დააზუსტა ომის შემდგომ პერიოდში ღაზას მოწყობასთან დაკავშირებული ზოგიერთი სხვა დეტალი. კერძოდ, ორიფ ფალკმა თქვა, რომ ისრაელის ხელისუფლების გეგმა მოიცავს „ჰამასის“ განადგურებას, ღაზას დემილიტარიზაციას და მოსახლეობის დერადიკალიზაციას. "ბუფერული ზონა დემილიტარიზაციის პროცესის ნაწილი შეიძლება, იყოს", განაცხადა ფალკმა.
Reuters–ის ინფორმაციით, ის ესაუბრა ეგვიპტის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც თქვეს, რომ ისრაელმა კაიროს შესთავაზა, განაიარაღოს ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ბუფერული ზონა შექმნას საერთაშორისო კონტროლით. Reuters-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფო ამ გეგმის წინააღმდეგია. ამასთან, რამდენიმე არაბული სახელმწიფო არ ეწინააღმდეგება ბუფერული ზონის შექმნას, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვერ შეთანხმდნენ, კერძოდ სად შეიძლება მდებარეობდეს ის.


