ხათუნა სამნიძე: „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ფიქციაა, მმართველ პარტიას ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც ტენდერებში გამარჯვების სანაცვლოდ მას დააფინანსებენ
04/12/2023 08:36:28 პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები ფიქციაა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას ჰყავს ფიზიკური პირები, რომლებიც ტენდერებში გამარჯვების სანაცვლოდ მას დააფინანსებენ
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ფიქციაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა იმიტომ, რომ ამას დაარქვას დეოლიგარქიზაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯი. დღეს იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არის ძალიან მცირე, რადგან ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური დისკრიმინაცია და პოლიტიკური დევნა, რაც აშინებს იურიდიულ პირებს, რომ ოპოზიციური პარტიები დააფინანსონ. ძირითადი პრობლემა არის შავი ფული, რომელიც საარჩევნოდ ტრიალებს და ის უკავშირდება მმართველ პარტიას, რომელსაც ამ ცვლილებებით პრობლემა არ შეექმნება, რადგან მათ ეყოლებათ ფიზიკური პირები, რომლებიც დააფინანსებენ პარტიას იმის საფასურად, რომ მოიგებენ ტენდერებს და ა.შ.“ - განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.
ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
როგორც "ქართული ოცნება" აცხადებს, აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ", სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.


