ეკონომიკის მინისტრი: ჩვენ მზად ვართ, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში
04/12/2023 12:16:19 პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში "დამატებით წამახალისებელ მექანიზმებს" აანონსებს.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ საქართველოში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს და აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ დემოგრაფიული საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ამ პროგრამის ძირითადი მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ეს ირიბად უკვე დაკავშირებულია სამშენებლო სექტორის წახალისებასთან, მის განვითარებასა და ზრდასთან, თუმცა ამოსავალი მიზანი არის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. თქვენ იცით, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილია დემოგრაფიული საბჭო, რომელიც მსჯელობს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და დღეს მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ძალიან დეტალური კვლევები იმის დასადგენად, თუ რა არის წამახალისებელი ფაქტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების სოციალური და დემოგრაფიული პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ მზად ვართ, რომ დამატებითი მოტივატორები, დამატებითი წამახალისებელი მექანიზმები შემოვიღოთ იგივე იპოთეკური სუბსიდირების პროგრამაში, მაგრამ ეს უნდა იყოს კვლევაზე დაფუძნებული. ვიმედოვნებთ, დემოგრაფიული საბჭოს ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ მომავალი წლის დასაწყისში, როდესაც გვექნება კვლევის სრულყოფილი სურათი და შესაბამისად, საზოგადოებას ახალი წამახალისებელი მექანიზმების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას. თუმცა ეს დამუშავების პროცესშია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


