ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ვერ ვხედავ საფრთხეს, რუსებმა ბინები იყიდონ საქართველოში
04/12/2023 12:49:24 პოლიტიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ იგი ვერ ხედავს პრობლემას ან საფრთხეს იმაში, რომ რუსები საქართველოში ბინებს ყიდულობენ. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
"ის, რომ უცხოელმა ბინა იყიდოს საქართველოში ეს იქნება რუსი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამაში საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საფრთხეზე ლაპარაკობენ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მიწის გაყიდვაზე იყო საუბარი, მათ შორის ოკუპანტებზეც, აბსოლუტურად სხვა მოსაზრება ჰქონდათ", ამბობს გიორგი კაკაურიძე.
ენმ–ის წევრი დეპუტატის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში საქართველოში 5 700-ზე მეტი ბინა იყიდეს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 5424 ბინა შეიძინეს. გარდა ამისა, რუსებმა გასულ წელს საქართველოში 1625 მიწის ნაკვეთი იყიდეს, წელს კი – 1872.


