მაჭარაშვილი: ჩვენ შეიძლება, არჩევნების გაყალბება იმისთვის დაგვჭირდეს, რომ ძალიან ბევრი ხმა არ ავიღოთ
05/12/2023 09:24:22 პოლიტიკა
ჩვენ შეიძლება, არჩევნების გაყალბება დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ხმა არ ავიღოთ და საერთოდ არ გაქრეს ოპოზიცია მომავალ პარლამენტში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ამის შესახებ მან დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას გულისხმობს.
მაჭარაშვილის თქმით, ვისაც სურვილი არ ექნება ახალი ID ბარათის აღების, შეძლებს დროებითი ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობის აღებას.
„ასეთი დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანია, რომელიც ახალ აიდი ბარათებს უფასოდ აიღებს. რეგულაციებზე ჩანაწერს რაც შეეხება, იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთ თვიანი ძველი პირადობის მოწმობა. ამით ვასრულებთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციას, რომელიც გვეუბნება, რომ ახალ აიდი ბარათებზე კამპანია იყოს, რომ მოქალაქეებმა ახალი აიდი ბარეთები აიღონ, მაგრამ უზრუნველყავით ის, რომ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამ სამასი ათასი ადამიანის უდიდესი რაოდენობა ახალ აიდი ბარათებს აიღებს და დაახლოებით რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა შეხედულების გამო აიღოს ძველი პირადობის მოწმობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, სანაცვლოდ კი მოქალაქეებზე ელექტრონული ID მოწმობები გაიცემა, რომელზეც დაიტანენ შესაბამისი პირის იმავე საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
ე.წ. ლამინირებული მოწმობები 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.


