Accentnews.ge
ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 14-მა წევრმა პარტია დატოვა

05/12/2023 11:38:19 პოლიტიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22-დან 14-მა წევრმა დატოვა. მსგავსი გადაწვეტილება პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის კიდევ სამმა წარმომადგენელმა მიიღო. ისინი საკრებულოს აპარატის თანამშრომლები არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შესახებ პარტიის წევრებმა განცხადება დღეს, 5 დეკემბერს გააკეთეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მათი თქმით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ჯერ–ჯერობით არ აპირებენ ფრაქციის დაშლასაც.

პარტიის დატოვების მიზეზად მათ ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ “არადემოკრატიული მართვის პრინციპები” დაასახელეს.

პარტიიდან წასულები არ აკონკრეტებენ, ითანამშრომლებენ თუ არა “ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან, იმ შემთხვევაში თუ იგი ახალ პოლიტიკური პლატფორმა ჩამოაყალიბებს.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მაია კალანდიამ განაცხადა, პარტიის დატოვების მიუხედავად, ისინი რჩებიან მისი საწყისი ღირებულებების ერთგული და გააგრძელებენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას.

„ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან…ვაპირებთ ვუერთგულოთ დემოკრატიულ პრინციპებს და ამისთვის ვტოვებთ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”… ჩვენ უარს არ ვეუბნებით ჩვენს თანამებრძოლებს, იმ 8 ადამიანს, ვისთანაც ერთადაც მოვედით ამ დარბაზში და ვიბრძვით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ”,- განაცხადა მაია კალანდიამ.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა აუცილებლად შეიქნება, რის შესახებაც საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან ინფორმაციას.

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობაშია. საკრებულოში 22 მანდატი „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა , 20 „ქართულ ოცნებას“, 3 კი „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენლებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმაც დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S