წითლიძე – პარტიიდან წასულებზე: ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი
05/12/2023 13:01:50 პოლიტიკა
"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებისთვის უფრო მეტი ავტორიტეტი ამ პარტიაში აღმოჩნდა ნიკა მელია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ამ ადამიანებს არ სცოდნიათ ვის პარტიაში იყვნენ", - ასე ეხმიანება ენმ-ის წევრი დეპუტატი ანა წითლიძე პარტიიდან წევრების ნაწილის გასვლის ფაქტს.
მისი თქმით, ეს ადამიანები პარტიიდან ბოლო 1 წელია ისედაც წასულები იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ პარტიის გადაწყვეტილებებს და დღეს წასვლა ოფიციალურად გაფორმეს.
"ძალიან ვწუხვარ ასევე, რომ მათთვის არაფერს არ ნიშნავდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის საჯარო მოწოდებები და მათ შორის, პირადი მოწოდებები და პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და არაფერს არ ნიშნავდა ის, რომ ციხეში მჯდომ პრეზიდენტს არაერთხელ უკეთებია მათ შორის განცხადება იმაზე, რომ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენს თვითონ, არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს", – განაცხადა წითლიძემ.
წითლიძე წასულებს მოუწოდეს, რადგან პარტია დატოვეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობით“ მიღებული მანდატები და თანამდებობები საკრებულოებში.
ცნობისთვის: ბოლო ორი დღის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის, ბათუმისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.
დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია აცხადებდა, რომ პარტიში "არაფორმალური მმართველობა" იყო.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე საუბრისას.


