პაპუაშვილი – ორბანზე: ევროკავშირის შიდა დისკუსიებში არ და ვერ ჩავერთვებით
05/12/2023 18:47:04 პოლიტიკა
ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია აქვს საქართველოს და ამას არაფერი უშლის ხელს.
„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, რომ განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში, არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებები? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვიქტორ ორბანმა წერილს გაუგზავნა მოწოდებით, არ მოიწვიოს საბჭო უკრაინის საკითხის განსახილველად.
წერილში ორბანი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება ნაადრევია - ამისთვის არასაკმარისია როგორც პოლიტიკური , ასევე, ტექნიკური მომზადების დონე.
"მე კვლავ მჯერა, რომ ევროპული საბჭო არ არის მზად, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუკი არ შედგება კონსენსუსი ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე უკრაინის მიმართ. საჭიროა მომავლის გააზრება და საზრიანი მიდგომა, წევრი ქვეყნების პოლიტიკურ და ფინანსურ რეალობებზე დაყრდნობით. ეს დამატებით ძალისხმევას, დროსა და ყოვლისმომცველ ასახვას მოითხოვს...
მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო ამ საკითხების გადასაწყვეტად დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად მარცხს გამოიწვევს. ევროპულმა საბჭომ თავიდან უნდა აიცილოს ეს კონტრპროდუქტიული სცენარი, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის, ერთიანობის სახელით", - წერია მიშელისთვის გაგზავნილ წერილში. [ რადიო თავისუფლება]


