ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ
06/12/2023 09:06:32 პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „გირჩი - მეტის თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ძირითადი დრო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს დაეთმო.
„ვისაუბრეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორც საგარეო და რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყნის შიგნით რა პრობლემები არის, ამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ძირითადი დრო დაეთმო წინასაარჩევნო პერიოდზე საუბარს, არჩევნებს და არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, რა პრობლემებს ვხედავთ, როგორ ვაპირებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ასევე, საუბარი იყო მომავალ კოალიციურ მმართველობაზე, რამდენად და როგორ ვუყურებთ ამ სიტუაციას. აინტერესებთ, რამდენად გაგვაჩნია თანამშრომლობის უნარი, გვერდიდან რომ უყურებენ, თვალწარმტაც შთაბეჭდილებას შეიძლება არ ტოვებდეს ის სურათი, რაც ოპოზიციაშია“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მანამდე, ჯოშუა ჰეკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.


