ხობის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 11 წევრიდან, 10-მა პარტია დატოვა
06/12/2023 09:42:48 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ხობის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. საკრებულოს ფრაქციის 10-მა წევრმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა
ხობის საკრებულოში ენმ-ს 11 წევრი ჰყავდა. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი მხოლოდ 1 რჩება.
როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა განაცხადა, დეპუტატებთან ერთად პარტია დატოვა ენმ-ის ხობის ორგანიზაციის უმრავლეოსბამაც, ჯამში 30-მდე წევრმა.
ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის, ბათუმისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.
დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია აცხადებდა, რომ პარტიში "არაფორმალური მმართველობა" იყო.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე საუბრისას.


