პრეზიდენტი: "სპორტს სჭირდება თავისუფლება, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ"
06/12/2023 16:45:09 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "სპორტს სჭირდება თავისუფლება". ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
"თქვენ, სპორტული სამყარო, ხართ უკვე შესული ევროკავშირში. თქვენ იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიულად არის დღეს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ და ამისთვის თქვენ ნამდვილად ხართ ღირსი იმისი, რომ ჩვენ, საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ. სპორტი არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთი არის დისციპლინა და ეს რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებული. მეორე არის თავისუფლება, რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს. თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ჩვენზე, ყველაზე არის დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, აშენებს ყოველდღიურად თავის მომავალს და თავის თავისუფლებას", - მიმართა ზურაბიშვილმა მათ.


