კასპის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" 6 წევრმა პარტია დატოვა
07/12/2023 08:08:49 პოლიტიკა
კასპის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და ასევე, საკრებულოს 6-მა დეპუტატმა პარტია დატოვეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა გიორგი შარიფაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა და თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც გასცემდა.
ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის, ბათუმის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.
დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელია აცხადებდა, რომ პარტიში "არაფორმალური მმართველობა" იყო.
„საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თავის წინამორბედზე საუბრისას.


