ანა ნაცვლიშვილი: „ოცნება“ აცდენილია საქართველოსთვის სასიკეთო რეალობას
07/12/2023 08:30:32 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მეგობარი ორბანი შესაძლოა, გახდეს იმ კონსენსუსის ჩამშლელი, რომელიც ევროკავშირში მწიფდება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორბანის პოზიციები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზეც აისახება.
„იმედს ვიტოვებ, რომ პროცესი არ იქნება დაბლოკილი და ვეტო დადებული, რადგან ყველას კარგად გვესმის, თუ დაიბლოკება უკრაინის საკითხი, ასევე დაიბლოკება საქართველოს და მოლდოვის საკითხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს როცა ევროკავშირში არის სერიოზული კონსენსუსის მომწიფების რეალური შანსი, არ მოხდეს ამ კონსენსუსის საბოტირება. ევროკავშირის არაერთი ქვეყნის დედაქალაქისთვის ორბანი არის სერიოზული პრობლემა, ხოლო მხოლოდ მასთან დამეგობრებული „ქართული ოცნება“ აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოსთვის იქნებოდა სასიკეთო. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს რეალობა, როცა „ქართული ოცნების“ მეგობარი და მოკავშირე ორბანი შესაძლოა გახდეს იმ კონსენსუსის ჩამშლელი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის, საზოგადოების შრომის და ბრძოლის ფასად ევროკავშირში მწიფდება. განმარტონ, როგორ აღმოჩნდა, რომ მთელ ევროკავშირში მათი ერთადერთი მოკავშირე არის ის, ვინც საეჭვოდ დაახლოებულო ჩანს რუსეთთან და ძალიან მძიმე ბლოკირების გადაწყვეტილების ადვოკატია ევროკავშირში”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოღებას ითხოვს და ევროპულო საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიონ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.


