ლევან ბეჟაშვილი - ნიკა მელიაზე: არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია
08/12/2023 10:22:38 პოლიტიკა
არაფერი ახალი არ მომხდარა, - ასე აფასებს პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას წასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები „ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე ეტაპად მოხდა და „არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია“.
„საზოგადოებამ იმ 8-9 თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო - ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ასეთი ფაქტებიდან „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კოალიციის შექმნას მიაღწევს. გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იგი ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.


