Accentnews.ge
ლავროვის მოადგილე – გინტურის მკვლელობაზე: "რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია"

ლავროვის მოადგილე – გინტურის მკვლელობაზე: "რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია"

08/12/2023 12:38:15 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის მტკიცებით, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ტერმინი "მკვლელობის" გამოყენება არასწორია.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ კომენტარში თავად თამაზ გინტურს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რუსი სამხედროები "თავს იცავდნენ" საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც მათ, მისივე მტკიცებით, "ნაჯახით ემუქრებოდნენ".

გალუზინი ამბობს, რომ გინტურის მკვლელობისას რუსი სამხედროები "საერთაშორისოდ ცნობილი წესებით მოქმედებდნენ" ამიტომ, "არავინ არ უნდა დაისაჯოს".

„საჭიროა რეალისტურად და ცხადად მიღება იმ გეოპოლიტიკური რეალობის, რომელიც გარშემოა. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის მიზეზებისა და სათავეებისა, ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან, როგორ იწყებოდა საქართველოს აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მან და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, ამით ამბობს თუ არა გალუზინი, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ „რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებულ იქნა მშვიდობისკენ“.

„რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს – საქმე ეხება არ იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას. როდესაც მათ წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად, მათ უნდოდათ, ჩვენს მესაზღვრეებს მანქანით დაჯახებოდნენ. თავიდან გამაფრთხილებელი გასროლა იყო, შემდეგ უკვე – მანქანის საბურავების მისამართით.

რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა მესაზღვრეები მოქმედებდნენ იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია? ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისთვის, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა.

მე მოქალაქეებთან არ მაქვს პრეტენზიები. აი, საქართველოს ხელისუფლებას კი ნამდვილად შეუძლია, აუხსნას თავის მოქალაქეებს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა არ შეიძლება, ნუთუ ეს არ არის რეალური და ლოგიკური შეკითხვა?“ – აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე მხარეებმა რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზეც ისაუბრეს.

ამავე თემაზე: ლაშა დარსალია: "ჟენევის მოლაპარაკებებზე თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხზე აბსოლუტურად არაკონსტუქციული მიდგომა დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან".

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S