მურთაზ ზოდელავა: ვუერთდები ნიკა მელიას პარტიას, რაც ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვტოვებ
08/12/2023 13:23:45 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ პარტიას ტოვებს და ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას თანამოაზრეებს უერთდება. ამ თემაზე მან გადაცემა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ იგი რაც ნიკა მელიასთან მიმართებაში პარტიის ახალმა მენეჯმენტმა გააკეთა, იგივე მოხდა მის და კიდევ ათასობით "გულანთებულ ადამიანთან მიმართებაში".
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთგზის უთხრეს, რომ იგი პარტიაში საჭირო არაა.
"მოვუსმინე ნიკას და ეს მოლოდინი მქონდა ცხადია. [...] მთავარი ის არის, რომ მე დავინახე შესაძლებლობა, ჩავერთო იმ პროცესში, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვუერთდები ცხადია ამ მოძრაობს, ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. [და ტოვებთ ნაციონალურ მოძრაობას] ნაციონალური მოძრაობა მე მგონი ისედაც არაერთგზის დამატოვებინეს, თუ როგორც იყო, ცხადია, რომ ვუერთდები ამას ნიშნავს, რომ ამას ვტოვებ", - ამბობს ზოდელავა.
მისი თქმით, "ბევრი ადამიანი, ვინც ახლა ორჭოფობს, მალე მიხვდება, რომ დღევანდელი მენეჯმენტის პირობებში პარტიაში სისუფთავის, წესიერების, მართალი პოლიტიკის ადგილი არ არის".


