ამბროლაურის საკრებულოში ენმ-ის სამივე წევრმა პარტია დატოვა
08/12/2023 15:28:34 პოლიტიკა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამივე წევრი პარტიას ტოვებს.
საკრებულოს წევრების თქმით, ტოვებენ „კეზერაშვილის პირად პარტიას“ და ნიკა მელიას გუნდს უერთდებიან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის ზუგდიდის, ბათუმის, ხობის, კასპისა და ჭიათურის საკრებულოების წევრების ნაწილმა დატოვა. პარტიის დატოვების მიზეზად ენმ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება, კერძოდ, "მართვის არადემოკრატიული პრინციპები” სახელდება.
დაპირისპირება პარტიაში დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. მისი თქმით, იგი ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც „ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის“.


