პაველ ჰერჩინსკი: ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება
09/12/2023 08:50:55 პოლიტიკა
ერთი კვირა გვაშორებს მთავარ გადაწყვეტილებამდე, გაფართოების პაკეტის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებამდე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.
„გაფართოების პაკეტის ნაწილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მოლაპარაკებები გრძელდება. ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე. ამ დროისთვის არსებული ვითარება სხვადასხვაგვარია: ერთი მხრივ, დადებითი ახალი ამბავი არის ის, რომ ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესამისად, მაგრამ უარყოფითი ამბავი არის ის, რომ ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება.
როგორც ყველამ ვიცით, ამ პაკეტის დამტკიცებისთვის საჭიროა ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ერთი კვირა ჯერ კიდევ დარჩენილია და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ლიდერები შეძლებენ ერთსულოვნების მიღწევას და 27 წევრი ქვეყნის თანხმობას გაფართოების პაკეტის დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა "მთავარ არხთან" ისაუბრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების პერსპექტივებზე. მათ შორისაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ცნობილია, რომ უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხის ბლოკირების განზრახვა აქვს. მასთან მოსალაპარაკებლად უნგრეთში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.
იოზვიაკი ამბობს, რომ ორბანის გადაწყვეტილება საქართველოზეც მოახდენს გავლენას.
"პრობლემა ის არის, რომ თუ უნგრეთი დაბლოკავს უკრაინას, მაშინ ყველაფერი დანარჩენი იბლოკება, მათ შორის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. კონკრეტულად, საქართველო განხილული არ ყოფილა, მაგრამ ისე გამოდის, რომ ან ყველაფერი გაქვს, ან არაფერი. ერთ მხარეს უკრაინა და მოლდოვაა, მეორე მხარეს – ბოსნია და ეს მოლაპარაკებები 12 დეკემბრამდე უნდა გაგრძელდეს. 14 დეკემბერს კი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ. თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაშინ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იმ პირობით, რომელიც ევროკომისიამ გასულ თვეს გააჟღერა. ასე რომ ზოგადად მეგობრების ყოლა კარგია, მათ შორის ორბანიც შეიძლება იყოს კარგი მეგობარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ორბანს ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია", - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
იხილეთ ასევე: კრამონი – კრემლი ორბანს "ტროას ცხენივით" იყენებს


