პაატა მანჯგალაძე: ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი ასე გააგრძელებს
11/12/2023 08:46:54 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი.
„ძალიან მძიმე ფაქტია და სამწუხარო ტრაგედიაა, რომ ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ზონაში, რატომ? - არასდროს მოუწია პოლიტიკური და სამართლებრივი ფასის გადახდა, ყოველთვის დაუსჯელი დარჩა მტერი ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო რეზოლუცია მიღებული, როცა გინტური მოგვიკლეს ტაძარში ლოცვის გამო (ევროპარლამენტში განიხილეს და მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა დაბლოკა, სამწუხაროდ). ვიდრე ასე სირაქლემას პოზაში ვიქნებით, რუსეთი გააგრძელებს ამას. ადამიანის უფლებები რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს, მათ მხოლოდ ერთი არგუმენტის ესმით და ეს არის ის, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
9 დეკემბრს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.


