ხატია დეკანოიძე: ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის
11/12/2023 08:02:49 პოლიტიკა
„ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის"
"მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, საქართველოს არც ერთი მოქალაქის უფლება დაცული არ არის და ყველა მოქალაქის სიკვდილზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, საოკუპაციო რეჟიმს, პუტინს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი გენოციდი მოაწყოს. არსებობს „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“, რომლის მიხედვით არამხოლოდ სერიოზული სანქციები, სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ეს ძალიან მძიმე ფაქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გავა თვე, რომ საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის, ამ კუთხით ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი სტრატეგია. დღეს არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა და ვაპირებ დღის წესრიგში დავაყენო ზუსტად ეს საკითხი. ხვალ იხსნება ასევე პარლამენტის სხდომა და ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, უნდა მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯები გაატაროს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
9 დეკემბრს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.


