ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
11/12/2023 08:57:16 პოლიტიკა
ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
„როგორც იცით, ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ყველაფერი ერთად განიხილება – დაფინანსება, გაფართოება და გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვისაცაა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ არ ვმსჯელობთ უფრო მეტად დავეხმაროთ თუ არა უკრაინას, არამედ ჩვენს მომავალზე ვმსჯელობთ, როგორ გამოიყურება ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა. და თუ ჩვენ არ მივიღებთ ასეთ გადაწყევტილებებს, გაფართოების, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი, რა მოხდება“,- განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, უნგრეთის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით მისთვის გასაგები არგუმენტები არ არის:
"ჩვენ გვაქვს სანქციების პაკეტი და არანაირი გამართლება არ აქვს ამის დაბლოკვას. არ არის არგუმენტები დიდი გადაწყვტილებების დასაბლოკად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვიპოვით კონსენსუსს".


