NDI: „ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერების პასუხები, კითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა?"
11/12/2023 10:16:22 პოლიტიკა
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) გამოაქვეყნეს, მოიცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას.
კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს.

ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს... პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% პასუხობს - პროდასავლური;
- ოპოზიციის მხარდამჭერთა 46% - პროდასავლური;
- 36% იმ მოქალაქეების, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია - პროდასავლური.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%.
მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


