ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
11/12/2023 10:42:11 პოლიტიკა
მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება, – ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. არსებობს შესასრულებელი სამუშაოს ნუსხა, პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. როგორც მე მესმის, არსებობს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების პოზიტიური შეფასება“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, იან ლიპავსკიმ.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


