შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციას
11/12/2023 10:44:57 პოლიტიკა
მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯებია საჭირო.
„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია, რაც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. რა თქმა უნდა, სამივე ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები. ჩვენ ევროკომისიის შეთავაზებაზე დაფუძნებული წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


