ჩეხეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას პრაღის სასახლეში უმასპინძლა
11/12/2023 13:34:15 პოლიტიკა
ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს პრაღის სასახლეში უმასპინძლა.
როგორც ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი "ČT24" იტყობინება, დახვედრის ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში იმართება იმ ფონზე, როდესაც 12 დეკემბერს ჯერ ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.
ხელახლა მიმართა თუ არა პრეზიდენტმა მთავრობას ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით უცნობია.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 ხმა.


