მარგველაშვილი: დაველოდები, მოხერხდება თუ არა ამ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება
11/12/2023 14:49:51 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უერთდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთებას და იზიარებს მის მიერ წარმოებულ კამპანიას, ორბელიანის სასახლეში არ მივა.
ამასთან, ამბობს, რომ დაელოდება, მოხერხდება თუ არა "პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება".
"ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის საჯარო განცხადებაში მოიწვია პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები და არ ახსენა საქართველოს პრეზიდენტები. პრეზიდენტმა არ ახსენა პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ სულისკვეთებას, თუმცა, არ ვაპირებ მისვლას ამ ღონისძიებაზე, რადგან მიხდება ისევ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. ამ საჯარო განცხადების შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მოწვეული ვარ, თუმცა საჯარო განცხადებაა მნიშვნელოვანი სადაც პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა ახსენოს პრეზიდენტები.
დამირეკეს ადმინისტრაციიდან და მე მათ ვუთხარი, რომ სულისკვეთებას ვიზიარებ, თუმცა პრეზიდენტმა პრეზიდენტები უნდა ახსენოს. ეს, მე მგონი, ძალიან ტრივიალური ჭეშმარიტებაა. ხელის მოწერა თუ ეხება, მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ამ პეტიციას უნდა უერთდებოდეს, შესაბამისად მე დაველოდები, მოხერხდება თუ არა ამ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელისმოწერის ორგანიზება", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი "მთავარ არხთან".
შეგახსენებთ, რომ საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვია.


