Accentnews.ge
ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერ ამ სისტემის მიღმა არიან

ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერ ამ სისტემის მიღმა არიან

11/12/2023 16:29:53 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე ჩეხეთში, რომელიც საქართველო - ჩეხეთის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში პირველი ოფიციალური ვიზიტია, ინფორმაციას ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო რამდენიმე დღეში ელოდება.

რელიზში ვკითხულობთ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი“, - ციტირებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური პეტრ პაველს.

"მადლობელი ვარ პრეზიდენტი პაველის სრული და ურყევი მხარდაჭერისთვის, იმ დროს, როდესაც ამ კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადამწყვეტ გადაწყვეტილებას ველოდებით.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ისტორიული პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთში ჩვენს ერებს შორის ურყევი კავშირის აღმნიშვნელია", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა გამართა ასევე, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვასთან.

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 დეკემბერს დასრულდება.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში იმართება იმ ფონზე, როდესაც 12 დეკემბერს ჯერ ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.

ხელახლა მიმართა თუ არა პრეზიდენტმა მთავრობას ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით უცნობია.

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 ხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S