ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტში 9 თვეა, დევს ჩვენი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, მაგრამ „ოცნება“ ისე აპირებს, დაასრულოს სესია, კომიტეტზე განხილვა არ ყოფილა
12/12/2023 08:17:43 პოლიტიკა
„ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს.
მისი თქმით, პარლამენტში 9 თვეა, დევს ჩვენი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, მაგრამ „ოცნება“ ისე აპირებს, დაასრულოს სესია, კომიტეტზე განხილვა არ ყოფილა.
„უპირველესად, მინდა, სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო მოზარდს, რომელიც გუშინ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მძიმედ დაზიანდა და კატასტროფის ბრიგადით გადმოყვანილია თბილისში, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა, დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ. ის რეგისტრირებულია 28 მარტს და „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა ამ კანონპროექტის. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები იშვიათი არ არის. მე ხელთ მაქვს გასული წლის ძალიან მძიმე სტატისტიკა, როცა მხოლოდ ერთ თვეში იმდენად დაზიანდნენ ადამიანები, რომ 87 მათგანს, მათ შორის 19 ბავშვს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. კანონპროექტს გასულ კვირას საქართველოს ათასობით მოქალაქემ დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს, რომ მიეღოთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გუშინ ქობულეთში, ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 12 წლამდე ბავშვი მძიმედ დაშავდა. დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით, კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.


