ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტის ღონისძიებაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, მით უმეტეს, რომ იგი კონსტიტუციის უხეშად დარღვევას აგრძელებს
12/12/2023 09:06:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" 13 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დახურვის ღონისძიებაზე არ მივა. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, იგი პრეზიდენტის ჩეხეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "იგი კონსტიტუციის უხეშად დარღვევას აგრძელებს".
„ამ დღეებშიც იგი კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივალთ, ვერ მივალთ. ეს არ არის ჩვენი საქმე, მისი პოზიციიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა საბოტაჟს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?“, - განაცხადა კობახიძემ.
13 დეკემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გადასცემს. ამავე ღონისძიებაზე მან "საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვია. მანამდე, 11 დეკემბერს პრეზიდენტი ჩეხეთს ეწვია. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ჩეხეთში იმართება იმ ფონზე, როდესაც 12 დეკემბერს ჯერ ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ მედიისთვის მიმდინარე წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს 10-12 დეკემბერს ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტზე უარი აქვს მიღებული.
ხელახლა მიმართა თუ არა პრეზიდენტმა მთავრობას ვიზიტზე ნებართვასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით უცნობია.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრებით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო 100 ხმა.


