ირაკლი კობახიძე: უნგრეთის პოზიციაა, რომ ერთ კალათში არ უნდა მოხდეს ყველა ქვეყნის საკითხის განხილვა
12/12/2023 09:20:25 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთში ვიზიტისას „კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერია და ეს მათი მყარი პოზიციაა“.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უნგრეთის პოზიციაა, რომ „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის [საკითხის] განხილვა“.
"მათ უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ, მაგრამ ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მოლდოვასთან და ბოსნიასთან მიმართებით. უნგრეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას და ბოსნიასთან დაკავშირებით იმ რეკომენდაციას, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან - დათქმებით, რომ შემდეგ მოლაპარაკებები გაიხსნას. შარშანაც სამივე ქვეყანა ერთ კალათში იყო, გახსოვთ. სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ერთ კალათში განიხილებოდა, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,, საქართველოს - არა. მაშინაც ერთი კალათი იყო ამ გაგებით, არავითარი განსხვავება არ არის წელს. რატომ არავინ გააპროტესტა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ის, რომ ერთი კალათიდან საქართველო სრულად უსამართლოდ ამოიღეს? ახლა რატომ საუბრობენ ასეთი დაჟინებით იგივე ადამიანები, რომ მაინცდამაინც ერთ კალათში უნდა იყოს განხილული ჩვენი და სხვა ქვეყნების საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


