ესპანეთის სახელმწიფო მინისტრი: საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადებაა, მივყვეთ კომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით
12/12/2023 09:43:26 პოლიტიკა
ესპანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ საკითხებში პასკუალ იგნასიო ნავარო რიოსი ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს, ამბობს, საბჭოს თავმჯდომარის წინადადება საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებაა.
"საბჭოს თავმჯდომარეობის წინადადება საბჭოს დასკვნებისთვის არის, რომ უნდა მივყვეთ კომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არანაირი სირთულე ამ მიმართულებით არ იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ თავმჯდომარეობის რეკომენდაციაა, რომ უნდა მივყვეთ კომისიის რეკომენდაციას",– ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


