თინა ბოკუჩავა: „ქართული ოცნება“ იტყუება, ევროკავშირის გაფართოების საკითხი პაკეტში განიხილება
12/12/2023 10:36:41 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "ევროკავშირის გაფართოების საკითხი პაკეტში განიხილება".
„ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე იტყუება, ატყუებს საკუთარ ამომრჩეველსაც, ყველა საერთაშორისო პარტნიორი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენი ბედი გადაჯაჭვულია უკრაინასა და მოლდოვაზე, გაფართოების საკითხი ევროკავშირში განიხილება ერთგვარად პაკეტში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის მიღწევაში გამოწვევები და ბზარები არსებობს, ამას ევროკავშირი გადალახავს და გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ვიმედოვნებ, ივანიშვილის რეჟიმის მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, როგორც წესი, ევროკომისიის რეკომენდაციას მიყვება ხოლმე ევროპის საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, იცით, რომ არის სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და დისკუსიები. რთულია კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი ხალხის ძალისხმევით და დამსახურებით საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი და ქვეყანა გადალახავს მნიშვნელოვან ეტაპს წარმატებით. მოლაპარაკების გახსნა კი იქნება ის ეტაპი, რომელიც კოალიციურმა დასავლურმა მთავრობამ უნდა აიღოს (საკუთარ თავზე)“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.
ირაკლი კობახიძე: უნგრეთის პოზიციაა, რომ ერთ კალათში არ უნდა მოხდეს ყველა ქვეყნის საკითხის განხილვა.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


