სარჯველაძე: ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს და ეს ტრაგედიაა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან რუსეთთან ენის მოჩლექასა და დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, ქვეყნის ინტერესების მტრობაა
12/12/2023 10:49:06 პოლიტიკა
მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი იმიტომ, რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და ეს არის ტრაგედია, რომელიც ქვეყანას სჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების მტრობაა.
„რა თქმა უნდა, სამძიმრით დავიწყებ. მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი. ეს არის ტრაგედია, რომელიც სჭირს ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საუბარი ენის მოჩლექაზე რუსეთთან დაკავშირებით, დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური დღის წესრიგი და ქვეყნის ინტერესების მტრობა. მტრობას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად, ყველას ძალიან კარგად ესმის და უპირველესად, ესმის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომ საქართველოს არავითარი ფუფუნება არ აქვს, ისაუბროს სხვა ნებისმიერ რამეზე, გარდა პრაგმატული, სწორი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც შეუძლია საქართველოს დეოკუპაცია. ხომ კარგად გესმით ყველას ოპოზიციაშიც, მათ შორის, რომ მილიტარისტული განცხადებების კეთება არ არის ის, რაც საქართველოს დეოკუპაციას მოუტანს დღეს, ან რომელიმე მოქალაქის უფლების დაცვას. მე მგონი, ამასაც ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს და ხვდება კიდევ, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი ისეთი, რომელიც განაპირობებს ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
9 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებულ გალში, საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.


