Accentnews.ge
მიშელის პასუხი კითხვაზე, "არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა"

მიშელის პასუხი კითხვაზე, "არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა"

12/12/2023 17:37:56 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პაკეტის შესაძლო დაშლაზე ჰკითხეს. კერძოდ, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი დაინტერესდა, "არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა":

"მოლდოვამ განაცხადა, რომ უკრაინას არ გამოეყოფა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. მიუხედავად ამისა, თუკი უნგრეთი და შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძელებს, განიხილავთ თუ არა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ერთად მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, თუ ორიგინალი პაკეტის შენარჩუნებას ამჯობინებთ?".

აღნიშნული კითხვის საპასუხოდ, მიშელმა შემდეგი განაცხადა:

"თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია".

ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

"რადიო თავისუფლების" ცნობით, არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.

ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.

"რადიო თავისუფლების" ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, დიდი ალბათობით, 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S