პაპუაშვილი – „აგენტების კანონზე“: "ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის საშუალება არ მოგვეცა"
13/12/2023 10:18:21 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მოწოდებას „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" შექმნის აუცილებლობაზე.
“გარკვეულწილად, ბედის ირონიაა. არის ლათინური გამოთქმა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს - “ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის”. როგორც ჩანს, სამწუხაროა, ხანდახან ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, ზოგიერთი ორგანიზაცია, ზოგიერთი ქვეყანაც კი, თავის თავს აღიქვამს იუპიტერად, ჩვენ კი, ქართველ ხალხს აღგვიქვამს ხარად. აი, ეს არის საბოლოო ჯამში, სწორედ ბედის ირონია, რომ ჩვენ ვხედავთ რომ სხვადასხვა ქვეყნები აინიცირებენ ასეთ კანონებს და მოქმედებს, მათ შორის, ევროკავშირიც აინიცირებს ზუსტად იგივე სულისკვეთების და შინაარსის კანონპროექტს, რომელიც საქართველოში იყო დაინიცირებული და ამას არქმევს დემოკრატიის დაცვის აქტს. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობდით ჩვენ და მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის არის ევროკავშირის მოტივაცია, რაც ჩვენ გვქონდა. რაც შეეხება თავად ამ პროექტს - ამაშია ბედის ირონია. თქვენ იცით, რომ დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მერე მე მგონი, აქეთ მოგვთხოვე, რომ მივიღოთ. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, რომ ასეთი კანონი მივიღოთ. [...] გავიდა დრო და ვფიქრობ, მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ როგორ მწარედ მოგვატყუეს შიდა თუ გარე მეგობრებმა, როდესაც აბსოლუტური ტყუილი გაავრცელეს. ამერიკულ კანონს ეძახდნენ რუსულ კანონს. ამაშიც კი დაარწმუნეს ზოგიერთი ადამიანი, რომ ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ჩვენ გვყავს უცხოური დაფინანსების მქონდე რამდენიმე მულტიმილიონერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესით":
„სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით ჩვენ გვყავს რამდენიმე მულტიმილიონერი NGO, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ისინი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლის ინტერესებით. გავიხსენოთ ფაქტები, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, ქართველი ხალხის ინტერესი არ არის, საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს. ვის ინტერესებს იცავენ მულტიმილიონერი NGO-ები? თავისი დამფინანსებლის ინტერესებს, რომლებიც ამას ამბობენ.
ზოგიერთი ჯგუფის ინტერესი იყო, საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, მათ შორის უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ქართველი ხალხის ინტერესია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვის ინტერესს ატარებდნენ მულტიმილიონერი NGO-ები იმით, რომ უცხოელ პარტნიორებს არწმუნებდნენ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ან გადაედოთ გადაწყვეტილება, პირდაპირ სტატიებს უძღვნიდნენ ამას NGO-ების წარმომადგენლები, ან სტატუსს თუ მოგვცემდნენ, ისე მოეცათ, რომ ეს ყოფილიყო ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის.
ზოგიერთი ქვეყნის ინტერესია, საქართველოს მოქალაქეებს დაუწესონ სანქციები მტკიცებულებების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესია, კანონის უზენაესობა იყოს დაცული და სანქციების დაწესება ან ვინმეს სანქცირება მტკიცებულებების გარეშე არ მოხდეს. ვის მხარეს დადგნენ მულტიმილიონერი NGO-ები? საკუთარი დამფინანსებლის მხარეს და საუბრობენ მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით, სადაც მტკიცებულებები არ არსებობს. ყველა ასეთ გარემოებაში მილიონერი NGO-ები, რომლებიც სახელს უტეხენ სამოქალაქო სექტორს, ამტკიცებენ, რომ ისინი არიან არა საქართველოს ერთგული, არამედ თავისი დამფინანსებლის.
რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი არ არის სამართლებრივი განზომილება, სამართლებრივად ვერ მოსთხოვ და მათი უფლებაა, ვისი ინტერესიც უნდათ, იმისი გაატარონ, მაგრამ ეს მორალური პასუხისმგებლობაა. მათ გაკეთებული აქვთ მორალური არჩევანი, რომ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესების ლობისტები არიან და არა საქართველოს ინტერესების. ერთადერთი, რასაც ჩვენ მარტში ვითხოვდით და რასაც დღეს ითხოვს ევროკავშირი დირექტივის ინიცირების სახით, არის ის, რომ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვისი ინტერესებით მოქმედებენ.
რაც შეეხება თავად ამ პროექტს, იდეას, ამაშია ბედის ირონია. კანონპროექტი დაინიცირებულია, როგორც ევროკავშირის დირექტივა, დაველოდებით, მიიღებენ ამ დირექტივას და მგონი, აქეთ მოგვთხოვენ, მივიღოთ ამ დირექტივის შესაბამისი კანონი. მაშინ კი ნამდვილად ირონიულად ჩაგვეცინება, როდესაც დირექტივის სახით შემობრუნდება ეს თემა და აქეთ მოგვთხოვენ, ასეთი სახის კანონი მივიღოთ იმის ფონზე, როცა ბევრი უცხოელი აქტორი მარტში პირდაპირ დეზინფორმაციულ შტურმზე იყო საქართველოს წინააღმდეგ და ქართული საზოგადოების ნაწილის ტყუილში დარწმუნება მოახერხეს. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ეს კანონი დემოკრატიის დაცვის ნაწილია. ჩვენ მაშინ დემოკრატიის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან აგრესიული ჯგუფები, რომელთა ძირითადი ნაწილი ზუსტადაც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, საქართველოს ისტორიაში პირველად მანქანებს ამტვრევდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საქართველოს პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს“.
ამავე თემაზე: ხუნდაძე: სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობოების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება.


