ალეკო ელისაშვილი: ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ გვაძლევენ
13/12/2023 11:14:44 პოლიტიკა
„ფეოლა“ ყველას გაქვთ ნანახი, იპოლიტე ხვიჩია რომ თამაშობს მთავარ როლში - როგორც იპოლიტე ხვიჩიას არ უნდოდა მის გუნდს მოეგო, აი, ზუსტად ეგრე იყო „ქართული ოცნება“, პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ გვაძლევენ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი სტატუსს ორი ფაქტორის გამო გვაძლევს:
" პირველი არის ის, რომ ევროკავშირში ხედავენ ქართველი ხალხის ევროპულ სულისკვეთებას და მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მარტში ის საძაგელი კანონი მიიღო - ხალხი ევროპის დროშებით გამოვარდა, კიდევ უფრო მძიმე არგუმენტი გაჩნდა ჩვენს მხარეს სტატუსის სასარგებლოდ და ეს დაინახეს ევროპაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორია გეოპოლიტიკური მოცემულობა. ხედავენ „ევროკავშირში“, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის ეს, რომ ბოლომდე გადაგვყლაპოს, ისედაც რას სჩადის, ლამის კვირა არ გავა უდანაშაულო ქართველი არ მოკლან რუსებმა და არ დაამცირონ ჩვენი სახელმწიფო“.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


