სააკაშვილმა ზურაბიშვილის პეტიციას ხელი მოაწერა
13/12/2023 17:17:38 პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ პეტიციას "ჩვენი ხმა ევროპას" ხელი მოაწერა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
პოლიტიკოსმა თქვა, რომ ხელმოწერილ პეტიციას ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ღონისძიებაზე დღეს თავად მიიტანა.
"მაქვს დიდი პატივი, პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადავცე პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იმყოფება უსამართლო ტყვეობაში და არის პუტინის პრადი პატიმარი", - უთხრა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ორბელიანების სასახლესთან.
მოგვიანებით ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა თავად გაავრცელა განცხადება:
"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო.
მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. გამარჯვების კოალიცია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.
მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.
დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.
ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს".
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გამართა და პეტიციის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები ევროკავშირს ელჩს გადასცა.


