პრეზიდენტი: ნებისმიერი ნაბიჯი უკან, არის ნაბიჯი წინ რუსეთისთვის
13/12/2023 17:22:35 პოლიტიკა
ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის - მიმართა საქართველოს პარტნიორებს და ორბელიანების სასახლეში სეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი დაკვირვებით, რუსეთი ბოლომდე ცდილობს, "აურიოს გეგმა" და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება.
ის ელის პოზიტიურ გადაწყვეტილებებს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვისაც.
„ჩვენ 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ველოდებით. ველოდებით იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი გამოწვევა. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე, ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვის ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ. იმედი მაქვს, ეს უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება, ასევე, პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ იქნება მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. იმიტომ, რომ ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის. ეს არის გზავნილი, რაც მინდა გავიდეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ასევე, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რამეთუ მათი გადაწყვეტილებები, ასევე, ამ დღეებში უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ, არცერთს - არც აქ ჩვენ, არც თქვენ იქ, სადაც ხართ, არ გვაქვს უფლება, რომ დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ დღეს გზაჯვარედინია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმედი მაქვს, რომ ორ დღეში ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუკი საქართველო 15 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, "გზის გასაგრძელებლად" მთავარია ერთობა.
15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. ჩვენ ორმაგად ვალდებული ვიქნებით, გავაგრძელოთ ეს გზა, ის გზა გასაგრძელებელი იქნება ყველასი ერთად. არასოდეს როგორც დღეს არ ჩანს, რომ ძალა ერთობაშია. თუ ჩვენ შიგნით დაგვაპირისპირეს, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ.
ყველაფერში ერთიანი არ ვიქნებით, იწყება საარჩევნო წელი და იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური დავა და მწვავე დისკუსიები. ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც დაიწყება, იმედი მაქვს 15 დეკემბერს. ამ გზაზე და იმაზე, რაც არის გასაკეთებელი შემდეგ, იმისათვის რომ გავიდეთ ბოლოში, მაშინ ჩვენც უნდა დავეწიოთ უკრაინასა და მოლდოვას. ამისთვის გვაქვს სამოქმედო გეგმა და მასზე უნდა ვიყოთ ერთიანები", - თქვა პრეზიდენტმა.


