ჰერჩინსკი: თქვენი ხმა საკმაოდ მკაფიოდ და ხმამაღლა ისმის ბრიუსელში
13/12/2023 17:44:36 პოლიტიკა
"თქვენი ხმა ისმის საკმაოდ მკაფიოდ და ხმამაღლა ბრიუსელში", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიღებას მართავს და სადაც ელჩს "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები გადაეცა.
ელჩმა ანიშნა, რომ პატივია მისთვის ამ ხელმოწერების მიღება და ელექტრონულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის გადაცემა.
"მიხარია რომ თქვენ ყველანი იღებთ ამ ყველაფერში მონაწილეობას და მხარს უჭერთ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. თქვენ ხმა ისმის საკმაოდ მკაფიოდ და ხმამაღლა ბრიუსელში და იმედი მაქვს, რომ ეს ასევე გასაგები იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს 27-ვე დედაქალაქში. დღეს ამ ოთახში ფაქტობრივად ყველა ვიმყოფებით. ბევრმა კოლეგამ მეზობელი ქვეყნებიდან იმოგზაურა, რათა აქ ჩამოსულიყვნენ. ზოგიერთი კოლეგა საკუთარი დედაქალაქიდანაც ჩამოვიდა, რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, რომ მივიღო ეს ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატში შარლ მიშელს გადავუგზავნო." - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ წევრი სახელმწიფოები მიჰყვებიან ევროკომისიის რეკომენდაციას:
"ამგვარი ისტორიული გადაწყვეტილებები მოითხოვს ერთიანობას, კონსენსუსს. ერთიანობა არცისე მარტივია, ეს ძალიან მაღალი თამასაა. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ეს ყველაფერი სასარგებლო შედეგებს მოგვიტანს.", - თქვა ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.


