პოლონეთის ელჩი: გისურვებთ რწმენას, შედეგებს და გამბედაობას
13/12/2023 18:11:32 პოლიტიკა
კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში საზოგადოებას პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუს მაშკევიჩმა მიმართა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და იმედი გამოთქვა, რომ ეს ასეც მოხდება.
"რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და დატვირთული იქნება ყველა ჩვენგანისათვის",– თქვა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველო და მისი ხალხი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას: უსაფრთხოების მიმართულებით:
"რუსეთი უპრეცედენტოდ აგრესიულია, იმპერიალისტური პოლიტიკა გრძელდება მისი მხრიდან, რაც ართულებს რეფორმების ჩატარებას. საქართველოში ასევე ტარდება საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, მსურს, რომ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ დაძლიოთ გამოწვევები, მოკლე გზების გარეშე. შედეგები - რომელიც წარმატების განუყოფელი ნაწილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ უაზროდ დაკარგონ შესაძლებლობები და გამბედაობა, რომელიც აუცილებელია რომ დავინახოთ შესაძლებლობები და გამოვიყენოთ ისინი",– თქვა ელჩმა.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გამართა და პეტიციის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები ევროკავშირს ელჩს გადასცა. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ხელმოწერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გადაუგზავნის.


