ჯოზეფ ბორელი: გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია
14/12/2023 10:14:48 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია.
„ეს არის ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ სხვა კანდიდატ ქვყენებთანაც ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება“, -აღნიშნა, – საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ბორელმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტი იმართება. მანამდე, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მისწერა წერილი, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
2022 წლის 28 თებერვალს რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.


