გერმანიის კანცლერი: მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე
14/12/2023 11:01:40 პოლიტიკა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, მხარს უჭერს ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე.
"უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ მზად ვართ გაფართოებისთვის, რასაც განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ოლაფ შოლცმა შემდეგი განაცხადა:
„მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტი იმართება. მანამდე, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მისწერა წერილი, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო. ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებსაც განიხილავენ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
2022 წლის 28 თებერვალს რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა. 3 მარტს იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკების დასაწყებად შესასრულებელი პირობები განუსაზღვრა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.


